logo
ENG



ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ის პირადად მონაწილეობდა

12 ივნ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური დევნის აღიარება საპარლამენტო ტრიბუნიდან, - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კამერების და დეპუტატების წინაშე თქვა, რომ მისი პრემიერობის დროს უგულავა ორჯერ დაიჭირა. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოკუპანტს მოზომილად ახსენებს, დესტრუქციულ ძალებად კი ოპოზიცია მიაჩნია.

ოპონენტები თავდაცვის მინისტრის მოსმენას არ დასწრებიან, კითხვა კი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ბევრია, მათ შორის დელტას საქმე. ფორმულას მიერ ექსკლუზიურად გაშუქებული საეჭვო გარიგების გასაჯაროების შემდეგ, 287 ათასი კვადრატული მეტრი მიწა აეროდრომს უკან დაუბრუნდა. ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლიდან საზოგადოებამ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტი გაიგო, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიაზე. 

თავდაცვის მინისტრმა პრაქტიკულად აღიარა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ის პირადად მონაწილეობდა. გიგი უგულავას ორჯერ დაჭერაზე პასუხი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნებიდან დემარშით წასული ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას გასცა, სადაც დეპუტატმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა ვინ იყო პასუხისმგებელი გიგი უგულავას გათავისუფლებაში. თავდაცვის მინისტრს თავად გიგი უგულავამ უპასუხა. 

თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური პათოსი გააგრძელა და ტრიბუნიდან ოკუპაციის შემდეგ, მთავარ საფრთხედ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა. ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას უფრი მეტი დრო დაუთმო, ვიდრე თავდაცვის სფეროს საკითხების განხილვას. 

თავდაცვის მინისტრს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ უპასუხეს. ოპონენტების თმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ის განცხადებები, რაც დღეს მან ტრიბუნიდან გააკეთა, ივანიშვილის დაკვეთა იყო.

მწვავე იყო ქართული ოცნებიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატი. ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრს უთხრა, რომ ე.წ კლანის წევრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყვენ, დღეს უვადო მოსამართლეები არიან. ღარიბაშვილმა არც ყოფილი თანაგუნდელი დაინდო.

ქართული ოცნების წვერებს თავდაცვის მინისტრთან არ დაუსვამს კითხვა კორუფციულ გარიგებებზე, შესყიდვებზე, თუმცა ღარიბაშვილის პათოსი დესტრუქციულ ძალებზე გააგრძელეს და ოპოზიცია მათაც დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულეს.

​თავდაცვის მინისტრს დღეს არაფერი უთქვამს სტრატეგიული მნიშვენელობის მქონე თბილავაიმშენის აეროდრომის საეჭვო გარიგების შესახებ, რომლის ტერიტორიაზე 1 პირთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით 287 ათას კვადრატულ მიწას მშრალი პორტის მოსაწყობად ასხვისებდა. მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულამ რეპორტაჟი მოამზადა, მიწის გასხვისების პროცესი შეჩერდა. 

თავდაცვის მინისტრი, მინისტრის საათის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანში 6 სათის განმავლობაში იმყოფებოდა. ცარიელი იყო ოპოზიციის სკამები, თუმცა ღარიბაშვილისთვის ბოლომდე არც მისი გუნდის წვერებს მოუსმენიათ.


close დახურვა