პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო მანდატებს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას აკრძალავს.
კერესელიძის თქმით, წარმოდგენილი მანდატები არ არის მაჟორიტარული, არამედ ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც უშუალოდ პარტიამ მიიღო. შესაბამისად, პარტიის აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში, ამ მანდატებს ძალა და ფასი აღარ ექნება.
პარტიის პოზიციის შეფასებისას შალვა კერესელიძემ აღნიშნა:
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება.
არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება.“
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა განახლდება. მმართველი პარტიის დეპუტატები „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „ფედერალისტური პარტიისა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვენ. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული გაერთიანებების მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა.
