logo
ENG



შარლ მიშელის თქმით, თანამდებობიდან აღარ გადადგება

27 იან 202401:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/auivu25esgwen1m.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, თანამდებობიდან აღარ გადადგება და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. მიზეზებზე მან Facebook პოსტში ისაუბრა. 

როგორც მიშელი აღნიშნავს, გადადგომაზე გადაწყვეტილებამ მედიის ყურადღება და სპეკულაციები გამოიწვია. მისივე თქმით, ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც ევროპული საბჭოს შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განმარტავს, რომ არ სურს, მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭო, როგორც ინსტიტუტი შეარყიოს. 

"მივესალმები ყველა პოლიტიკურ კრიტიკასა და ლეგიტიმურ არგუმენტებს. ბუნებრივია, ყველა სიტუაციას აქვს რამდენიმე შესაძლო მხარე, თუმცა ფაქტობრივ არგუმენტებს პირადი თავდასხმები ბევრად აღემატება. ვფიქრობ, რომ ეს ობიექტურ დემოკრატიულ დისკურსს ამახინჯებს და მაიძულებს, დავფიქრდე ჩემი საარჩევნო ვალდებულების მნიშვნელობასა და გავლენაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელი მივუძღვენი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ახლობელი ადამიანებისთვისაც. 

ყველა ამ მიზეზის გამო და იმისთვის, რომ ჩემს მისიაზე ფოკუსი შევინარჩუნო, აღარ ვიქნები ევროპული არჩევნების კანდიდატი. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, მტკიცე მონდომებით, სანამ მათ ბოლომდე არ მივიყვან. ყოველთვის ვიქნები დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპის გულმხურვალე ადვოკატი. ჩემს სამომავლო გეგმებს ამ მანდატის ამოწურვის შემდეგ განვიხილავ", - დაწერა მიშელმა. 

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. თუ ის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებდა, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მოუწევდა. Politico წერდა, რომ ევროკავშირის ლიდერები მის შემცვლელზე უნდა შეთანხმდნენ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშელის პოსტს უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი დაიკავებდა.

 
 

 

 


close დახურვა