logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები იზოლატორში გადაჰყავთ

26 ივნ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ ადვოკატები საუბრობენ.

როგორც ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ამბობს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.

„ჩემთვის ცნობილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა დაკავება. რა მუხლით განხორციელდა არ ვიცი ჯერ. ის მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა ფიზიკურად არავის გაუსწორდა. ის იყო დაბადების დღეზე. იქ მოხდა მის მიმართ ძალადობა. შემდგომ, როგორც თვითონ ამბობს, გზაზე შეხვდნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოხდა დაპირისპირება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

კიდევ ერთი ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს, 09:00 საათზე დააკავეს და ახლა წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მისთვის საქმის დეტალები და მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადმოუციათ და ის განცხადებას, მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.  

„დაკავების საფუძველი ჯერ უცნობია. მტკიცებულები ჩვენთვის ჯერ არ არის გადმოცემული. მასალებს გავეცნობით და მერე გავაკეთებთ განცხადებას. საქმის მასალების თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. როდესაც ეს უბედურება მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. რამდენიმე საათით ადრე დატოვა ადგილი და ლისის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. იყო წვეულება, სადაც მოხდა კონფლიქტი. თუმცა ვის შორის არ ვიცი“, - ამბობს ჭიკაიძე.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 

 


close დახურვა