logo
ENG



შაქარაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთები - ოქროს მოწმის ჩვენება

26 ივლ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი მოკლული ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო წუთებს დეტალურად იხსენებს.

ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც "ტოიოტას" მარკის ავტომობილიდან გადმოსული პირები მას გაეკიდნენ, მან ავტომაგისტრალი გადაკვეთა და ხიდის ქვეშ მოსაფალტებულ გზას ჩაუყვა. თუმცა მანამდე დაინახა სამი პიროვნება, რომლებიც მას და გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ.  

"როდესაც ხსნებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე ხსენებული მიმართულებით, თუმცა, მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით. ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები", - წერია ახვლედიანის ჩვენებაში. 

ახალი ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ის დაიმალა, 3-მა პირმა გიორგი შაქარაშვილის დევნა გააგრძელა. 

"როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორე ხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა, შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ", - ამბობს საქმის ე.წ. ოქროს მოწმე. 

სწორედ ეს ჩვენება გახდა შაქარაშვილის ოჯახის წევრებისთვის განზრახ მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი გარემოება. ამ ჩვენებით მყარდება ოჯახის ვერსია. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა გამოძიებას მთავარ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გაუცია. 

 


close დახურვა