logo
ENG



შაქარაშვილს მოტეხილობები არ აქვს - ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე

06 ივლ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილს ხელი მოტეხილი არ აქვს.

როგორც ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, ხელს აქვს არაფიზიოლოგიური განლაგება, მოხრილია თითქმის 90 გრადუსით, თუმცა ეს არ მიუთითებს მოტეხილობაზე - მისივე თქმით, შაქარაშვილს მოტეხილობები არ აღენიშნება.

„არ არის მოტეხილი ზედა კიდური. არსად არ მითქვამს მე, რომ ნეკნები, მკერდის ძვალი ან კიდური აქვს მოტეხილი. სხივ-მაჯის სახსარში არაფიზიოლოგიური განლაგება არ მიუთითებს, რომ რადგან მოხრილია, ადგილი ჰქონდა მოტეხილობას. გვამის კვლევის დროს მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. შემიძლია გითხრათ ერთადერთი - ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია. სხეული და სახის მიდამო მოსვრილი აქვს ქვიშით, სხვა საგნებით და მცენარეებით", - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ არაგვში იპოვეს - სხეულს ექსპერტიზა უტარდება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე - ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

 


close დახურვა