logo
ENG



შედეგები დათვლილია - ფაშინიანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

21 ივნ 202109:24
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა.

ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ სამოქალაქო შეთანხმებამ გაიმარჯვა.

კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა რობერტ ქოჩარიანმა (ბლოკი "სომხეთი") - 21.04%. ბლოკმა მაქვს პატივი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს ხმათა 5,23% მოაგროვა, ხოლო პარტიამ აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია - 3,96%.

ფაშინიანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე "მეორე რევოლუცია" მოახდინა.

"სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რომ ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი. სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა.

ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ჯანსაღ ძალასთან. კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობდა. 

სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ, ხოლო ბლოკებმა 7-პროცენტიანი.

არჩევნების შედეგების თანახმად, ბარიერი ფაშიანიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმებამ და ქოჩარიანის ბლოკმა - სომხეთმა გადალახა. რაც შეეხება ბლოკს მაქვს პატივი, მათ 7%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, თუმცა სომხეთის კანონმდებლობით, პარლამენტში სულ მცირე 3 პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი, ამიტომ საკანონმდებლო ორგანოში ისინიც შევლენ. 


close დახურვა