logo
ENG



შემზარავი მკვლელობა ჭოპორტში - 41 წლის მამაკაცმა დედა და და მოკლა

28 თებ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

სასტიკად მოკლული ოჯახის ორი წევრი და სავარაუდოდ, აღიარებითი ჩვენებით დაკავებული 41 წლის კაცი. შემზარავი მკვლელობა ჭოპორტში მოხდა. კაცმა საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფითა და ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას და დას.

გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და ზურგზე ბასრი იარაღით კიდევ 5 ჭრილობა - 41 წლის ლაშა ქუმბარაშვილმა სასიკვდილო დაზიანებები საკუთარ დას მიაყენა. დასთან ერთად მან დღეს დილის რვა საათზე დედაც მოკლა, სავარაუდოდ სანადირო თოფით. მეზობლები ყვებიან, რომ ამის შემდეგ ის სახლის პირველ სართულზე ჩაიკეტა, მის დასაკავებლად სამართალდამცველებს კარის შემტვრევა დასჭირდათ.

სოფელში მომხდარის შესახებ მალევე შეიტყვეს. ჭოპორტის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ.

დედა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, სასწრაფოს ექიმებმა კი 42 წლის თეა ქიმბარაშვილის გადარჩენა სცადეს და დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას გული გაუჩერდა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სანადირო თოფი ამოიღეს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულმა ლაშა ქიმბარაშვილმა პოლიციას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


close დახურვა