კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ კიბერშეტევა რუსეთის მიერ იყოს განხორციელებული და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ის ამით უფრო ძლიერი შეტევისთვის გვტესტავს. როგორც ექსპერტი აცხადებს, რუსეთი ზუსტად ანალოგიურად მოიქცა 2008 წელსაც.
„ცხადია, როცა ამის წინ რუსი ჰაკერის გადაცემის ინციდენტი უძღოდა, ბუნებრივია ჩნდება განცდა, ხომ არ იყო ეს ყველაფერი საპასუხოდ. მეორეს მხრივ, რაც შეეხება რუსულ ჩართულობას, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოში ნეგატიური რაც ხდება და არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც, რუსული კვალია. მით უმეტეს რომ კიბერუსაფრთხხოების სფეროში რუსეთი ერთ-ერთი სერიოზული აქტორია. მეორე საკითხი არის, რომ რუსეთი პოლიგონად იყენებს თავის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის კიბერიარაღის გამოსაცდელადაც. საქართველო ძალიან ხშირად ხდება კიბერთავდასხმის მსხვერპლი. ეს შეიძლება იყოს ჩვენი სისუსტეების ტესტირება, ზუსტად იგივე განახორციელა 2008 წელს, როცა ამ ტიპის თავდასხმებით მოსინჯა ნიადაგი, შემდგომ კი საბრძოლო მოქმედებების მხარდამხარ, პირდაპირ შეტევა განახორციელა ქართულ ვებგვერდებზე“, - აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „პროსერვისის“ ბაზაზე არსებული ქართული საიტების უმეტესობა გაითიშა, საიტზე შესვლის დროს კი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს იხსნებოდა, წარწერით - „მე დავბრუნდები“.
ცნობისთვის, რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს 24 ოქტომბერს გადასცეს.