logo
ENG



შიდა ტურიზმი გაიხსნა - ილიას ტბა დაშრა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა

19 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

 

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ფარგლებში საზეიმოდ გახსნის შემდეგ ირკვევა, რომ ილიას ტბა დაშრა. ადგილი, რომელიც ტურისტებით სავსე იყო, ახლა ფაქტობრივად ცარიელია. ყვარლის მთებში, ტბის გარშემო მოწყობილი ინფრასტრუქტურაც „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თითქმის სრულად განადგურებული დახვდა, დახურულია სავაჭრო ობიექტები. 

გარდა ტურისტებისა, ტბის წყალს ადგილობრივები სარწყავადაც იყენებდნენ. ყვარლის მცხოვრებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მუნიციპალიტეტიდან კომენტარს არავინ აკეთებს, პასუხს კი მხოლოდ გამოქვეყნებული წერილით ავრცელებენ, სადაც ვკითხულობთ რომ 4 დღეა ტბას წყალი მიეწოდება. 

ტბა წყლის გარეშე, დანგრეული ინფრასტრუქტურა და განადგურებული საკურორტო ზონა,-ასეტი სურათი დახვდათ ვიზიტორებს ყვარელში. ილიას ტბა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურისტულად ყველაზე მიმზიდველია დამშრალია. ასეთი ვითარება დამსვენებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

„ყოველ წელს როდესაც აქ მოვდიოდი იყო განსაკუთრებულად ლამაზი და იყო ბევრი ტურისტი, ისეთი გაკვირვებული ვარ, მარტო მე და ჩემი მეგობარი ვართ. რომ გადახედოთ ტბას მთლიანად დამშრალია, მე აქ მეტჯერ აღარ წამოვალ, ძალიან ვინანე. ზაფხული მოვიდა და უნდა მიხედონ არც ტურისტი იქნება ამ ზაფხულს აქ", - აცხადებს დამსვენებელი.

ყვარლის ტბის პრობლემების გამო მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი. 

"იმის მაგივრად რომ ხელისუფლებას დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყო და სივრცეები შეექმნა და ეს იქნებოდა გარდა იმისა რომ შემოსავალი ბევრი ადამიანისთვის სავაჭრო ობიექტებისთვის, ადამიანებს საშუალება ექნებოდათ უკმაყოფილები ყოფილიყვნენ, მაგრამ ვხედავთ რომ გაპარტახებულია. ეს არის ვანდალიზმი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბოტკოველმა.

საკურორტო ზონების მოვლა პატრონობა გამგეობასაც ეხება, თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებაში მისულ პრესის წარმომადგენლებთან  კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. 

„ფორმულას" სატელეფონო ზარებს არც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხობენ. წერილობით განცხადებაში კი  ამტკიცებენ, რომ დამშრალ ტბაში წყალი ჩასხმულია და მის შესავსებად 800 მეტრამდე სიგრძის  არხი მოაწყვეს.

"დურუჯის კალაპოტი ჩაღრმავდა 2,5-3 მეტრით და ილიას ტბის მკვებავი არხის სათავე  კალაპოტს მაღლა დარჩა. შესაბამისად ვეღარ შეივსო ტბა მდინარის წყლით. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ილიას ტბის წყლით შესავსებად მოეწყო 800 მეტრამდე სიგრძის მკვებავი არხი. ასევე, მდინარის კალაპოტში ე.წ დამბა გაკეთდა, რომელიც ტბაში მდინარის წყლის სრულად მიწოდებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოები დაახლოებით 2 კვირის წინ დაიყო და 3-4 დღეა ილიას ტბას წყალი მიეწოდება", - აცხადებენ მერიაში.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, პირველ ივლისს კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს ელოდება. კურორტი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. ილიას ტბას გარდა სარეკრეაციო ზონისა, სამელიორაციო დანიშნულებაც აქვს. თუმცა მისი ყველა ფუნქცია უწყლობის გამო ამ დროისთვის დაკარგულია.


close დახურვა