უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინელები უახლოესი 100 წლის განმავლობაში რუსებთან შერიგებასა და თანამშრომლობას ვერ შეძლებენ.
როგორც შმიჰალმა გერმანულ გამოცემა Focus-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იმისათვის რომ რუსებთან რაიმე ტიპის ურთიერთობა დამყარდეს, ისინი შინაგანად უნდა შეიცვალონ.
"შერიგება, თანამშრომლობა - არა, უახლოეს 100 წელიწადში არა. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს დემოკრატიზებული და დემილიტარიზებული", - თქვა მან.
შმიჰალის თქმით, ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც შეიძლება წავიდეს უკრაინა რუსეთთან ომში, არის ოკუპანტების ჯარის სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან 1991 წლის საზღვრების ფარგლებში. პრემიერი ამბობს, რომ ამისთვის რუსებმა ჯერ უნდა შეწყვიტონ სროლა და აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
"უკრაინა თავისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არანაირ კომპრომისს არ ხედავს. საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ათასობით ჩვენი საუკეთესო მოქალაქე არ დაღუპულა იმისთვის, რომ ჩვენ კომპრომისს ვეძებდეთ სისხლიან ტერორისტთან და აგრესორთან, რომელიც მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს", - განაცხადა შმიჰალმა.
ამასთან შმიჰალმა გამორიცხა ომის გაყინვის შესაძლებლობა, რადგან ეს უკრინის პრემიერი თქმით, რუსეთს მხოლოდ წაადგება და შემდგომში უფრო მასშტაბურ ომს გამოიწვევს.