logo
ENG



შოთაძე ივანიშვილის სასახლეში შეხვედრაზე ყოფნას საგანმანათლებლო პროექტზე საუბრით ხსნის

04 თებ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღევანდელ გასაუბრებაზე დაადასტურა ის, რაზეც მამუკა ხაზარაძე თვეებია საუბრობს. შოთაძე აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრას დაესწრო. ამტკიცებს, რომ აუდიენციაში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ მხარეებს უსმენდა. შოთაძე გენერალური პროკურორის სტატუსით ბიძინა ივანიშვილს, როგორც კერძო პირს შეხვდა. მისი თქმით, მიზეზი პროკურატურაში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი იყო. 

შოთაძის განცხადების შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, დღევანდელმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მათ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ქვეყანას ივანიშვილი არაფორმალურად მართავს. 

ირაკლი შოთაძის პასუხი აღიარებითი ჩვენებაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები  ამბობენ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი  შოთაძეს ბიზნეს სექტორთან ურთიერთობისთვის იყენებდა და თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ „ოცნების“ დეპუტატები.

ივანიშვილის ბიზნესცენტრში შემთხვევითი შეხვედრის არ სჯერა არასამთავრობო სექტორს. შოთაძეს სამოქალაქო სექტორში პროკურატურის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებენ. .

მესამე სექტორი და ოპოზიცია თანხმდება, რომ ირაკლი შოთაძის დასწრება ბიზნესმენებთან შეხვედრაზე შემთხვევითი არ არის და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საპროკურორო საბჭომ შოთაძეს გენერალურ პროკურორად დაბრუნების შანსი არ მისცეს.


close დახურვა