შრომის ინსპექციამ ბოლო დღეებში აჭარაში 10 ობიექტი დალუქა, ხოლო 30-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში მათთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. ისინი კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.