logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესები 125-ჯერ დაირღვა

29 მარ 202015:08
3 წუთის საკითხავი
clock 528
gc43cpk6e6p1ge8.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინა. უწყებაში მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაემორჩილონ წესებს.

„შსს განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აიკრძალა საჯარო სივრცეში ათზე მეტი პირის შეკრება, დადგინდა ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება, დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე. პოლიცია მუშაობს, რომ კორონავირუსის აცილების მიზნით ოპერატიულად იმოქმედოს. ბოლო 24 საათის მანძილზე საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა - 96 მოქალაქე დაჯარიმდა, 3 იურიდიული და 8 საჯარო პირი დაჯარიმდა შეზღუდვების დარღვევის გამო, საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობების დარღვევის ფაქტზე 13 ადამიანი. შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული მოთხოვნები. დარღვევა იწვევს შემდეგ პასუხისმგებლობას -  ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 ათასი ლარით. განმეორებით იგივე მოქმედების ჩადენის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსით სამი წლით თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადეს შსს-ში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაიტანა აუქციონზე. 


close დახურვა