შსს-ის ცნობით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, მის სამგზავრო ჩანთიდან 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონოდ შემოტანა ედება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა” - წერია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.