შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა, საიდანაც 5-ს ნარკორეალიზატორობას ედავება. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულთა შორის არიან ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ.
ერთ-ერთი დაკავებულის 1992 წლის ი.ქ.-ს ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, ასევე, ამოიღეს ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ 40 აბი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, 1982 წელს დაბადებული ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
აგრეთვე, ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. პოლიციამ, 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.