logo
ENG



შსს-ს ლუკა სირაძისა და სხვა მოზარდების გამოკითხვის დროს წამებაში ადანაშაულებენ

18 დეკ 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
ay3jul10kwfb0f8.jpg

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა „მწვანე სკოლის" კიდევ ერთმა მოსწავლემ, ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა. ადვოკატი ამ შემთხვევასაც სამართალდამცველების ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირებს. 

მოსწავლეების პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათ ერთმანეთის პირისპირ კითხავდნენ. ამ ფორმით გამოკითხვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციელებმა სხვა მოზარდებზეც მოახდინეს. საია-ს ინფორმაციით, მათ შორის არის ის მოზარდიც, რომელმაც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

საქმის მასალებს სწავლობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამბობს,რომ დაკითხვის ის უკანონო მეთოდი, რომელიც არასრულწლოვნებთან გამოიყენეს, პირდაპირ წამებას უტოლდება. საქმის შესწავლის დროს სისტემური პრობლემები აღმოაჩინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც, მათ შორის არასრულწლოვნების ღამით გამოკითხვა და ერთმანეთის პირისპირ გამოკითხვები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე -ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ ღამით დააკავა, მას შემდეგ, რაც 15 წლის მოზარდი კლინიკაში დაიღუპა. ჩოლოიანისთვის პროკურატურას ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამ დრომდე გამოკითხვაზე არიან „მწვანე სკოლის“ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. 

15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. მოზარდი მე-7 დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.  ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციაში ზეწოლა განხორციელდა, - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, წამებად შეფასებული მოპყრობა. მოზარდმა დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას სსკ-ს 335-ე მუხლით აწარმოებს, რაც გულისხმობს იძულებით ჩვენების მიღების ფაქტს. ამ საქმეზე დაკავებულია საქმის გამომძიებელი. მთელი დღის განმავლობაში ინსპექტორის სამსახურში იკითხებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ერთ-ერთი ბოლო ვინც შენობა დატოვა სკოლის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სწორედ ამ ადამიანის ჩვენებით დასტურდება, რომ მოზარდებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. უსაფრთხოების სამასხურის უფროსი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საქმესთან დაკავშირებით არაა გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.


close დახურვა