შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის დაყაჩაღბის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 23 წლის ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამბობენ შსს-ში.