logo
ENG



შსს: დავიწყეთ გამოძიება 3 მუხლით - გამოვკითხავთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს

09 მაი 202410:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/yqukvas00w8lwkz.jpg

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე "მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლით დაიწყო.

როგორც თამაზაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან".

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - თქვა თამაზაშვილმა.


close დახურვა