შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.