შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციებზე სამინისტრო "ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დემონსტრანტების პირადი ნივთების ჩამორთმევა უკანონო არ ყოფილა და "პოლიციას უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა".
შსს ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პოლიტიკური ჯგუფები სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ბრალდებებს ავრცელებენ.
"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება.
საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აღსანიშნავი გარემოებაა, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები - ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა. ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის.
აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე, სპეციალური ხმოვანი საშუალებებით".
ამასთან, შსს ირწმუნება, რომ მოძალადე პირები ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას პოლიციას უწევდნენ და მათივე მტკიცებით, ამას საზოგადოება ნათლად ხედავდა.
"უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა", - წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთაა სამინისტრო ირწმუნება, რომ პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.
"აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობის 60-მდე ფაქტი, მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები", - წერს შსს.
უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებულია პირადი ნივთების ქურდობის ათეულობით ფაქტი. დამტვრეული და დაზიანებულია რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა შენობების გარე ფასადი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასი ათასობით ლარს აღემატება.
"ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება", - ირწმუნება შინაგან საქმეთა სამინისტრო.