logo
ENG



შსს "შუალედური დასკვნით" ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირებას ასახელებს

12 ივლ 202121:16
3 წუთის საკითხავი
 

შსს "შუალედური დასკვნით" ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირებას ასახელებს.

უწყებაში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ცხედრიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერებები: 

მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტილმორფინი

"ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ამ ნარკოტიკებით ზედიზორება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის შუალედური". - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 

გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა. 

სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 

 


close დახურვა