logo
ENG



შსს მოზარდზე, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა: მშობლის გარეშე არ გამოკითხულა

13 დეკ 201916:13
3 წუთის საკითხავი
 
5d1ttgs86hwq0zh.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდზე, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შედეგად თავის მოკვლა სცადა, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, „მწვანე სკოლის“ ინცინდენტის საქმეზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს გამოიკითხა და ორივეჯერ მშობლის თანდასწრებით.

შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

„10 დეკემბერს 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე. შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა. მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო. გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მიმართავს და აცხადებს, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, 11 დეკემბერს 15 წლის ბიჭმა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.


close დახურვა