logo
ENG



შსს წყლის ჭავლის გამოყენებაზე: კანონით მინიჭებული პროპორციული ძალაა

08 ნოე 202022:33
3 წუთის საკითხავი
 
dxvk6djhde1ahw3.jpg

შსს-ის განცხადებით, ცესკო-სთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები ცესკო-ს შენობაში შეჭრას შეეცადნენ და ამისთვის "ძალადობრივ მეთოდებს" მიმართეს, რის გამოც, სამართალდამცველებმა "კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა" გამოიყენეს. 

შსს მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში. 

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 1 საათის წინ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. თვითმხილველების ცნობით, სამართალდამცველებმა გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. 

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დანაშაულია და ცდება ლეგიტიმური ძალის გამოყენების ჩარჩოებს. 

დემონსტრანტები ამ დრომდე რჩებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, შენობის ეზოში კი სპეციალური დანიშნულების რაზმები მრავლად არიან მობილიზებულები. 


close დახურვა