logo
ENG



შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც პირამოკერილები შიმშილობენ, თბილისში გადმოინაცვლეს

30 მაი 202112:36
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 20 დღეა, პირამოკერილები შიმშილობენ, თბილისში ჩამოვიდნენ და აქციის გამართვას აშშ-ის საელჩოს შენობასთან ცდილობენ. 

მათი თქმით, შუქრუთში პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქში გადმონაცვლება ამიტომ გადაწყვიტეს. 

მათ სურთ, აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გაშალონ კარვები, პროტესტის ცენტრი კი თბილისი გახდეს, თუმცა, ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. 

შუქრუთელები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 

"ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ ხელისუფლებას. არც ცენტრალური ხელისუფლება, არც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი სახლები მიწასთან სწორდება, კომპანია ჯორჯიან მანგანეზს კი არ უნდა პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე და ცდილობს, კორუფციულ გარიგებებში შემოვიდეს ჩვენთან. ვინც ხმა ამოვიღეთ ჩვენი სახლების და ოჯახების დასაცავად, საქმეები აღძრეს. 20 დღეა, პირი გვაქვს ამოკერილი და არავინ დაინტერესებულა არც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არც ოჯახების მდგომარეობით. გვინდა, მივმართოთ ქალბატონ კელი დეგნანს. ჩვენც ადამიანები ვართ. პოლიტიკოსებს მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით, სხვა დროს არავინ კითხულობს ჩვენს მდგომარეობას". - ამბობს ერთ-ერთი შუქრუთელი

"ამდენი ხნის განმავლობაში ვთხოვდით, შეესრულებინათ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა და დაინტერესებულიყვნენ ამ ხალხის პრობლემებით, თითოეული ჩვენგანის მდგომარეობით. არავინ ყური არ შეიბერტყა. მინდა, მივმართო, ვისაც ეხება - საერთოდ შემიჩერონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. გადამასახლონ ამ ქვეყნიდან. გინდა სომალიში, ნებისმიერ ქვეყანაში გამაგდონ აქედან. თავზე დაგვახიეს ყველაფრის უფლება - სიცოცხლის, მშვიდ გარემოში ყოფნის, კერძო საკუთრების უფლება. აქ ვერ მოხვალ, ტროტუარზე არ დაგაყენებენ, ჩვენი სახლ-კარი მოგვისპეს. თავზე დაგვანგრიეს, სად წავიდეთ, გავფრინდეთ?"- ამბობს სხვა.  


close დახურვა