პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმზე 22 კომპანიის 100-მდე ვაკანსიაა წარდგენილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დასაქმებისთვის გასაუბრების გავლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის ბოლომდე შეეძლებათ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში შშმ პირთა დასაქმების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, რადგან ქვეყანაში ზოგადადაც მძიმე მდგომარეობაა დასაქმების კუთხით.
„ინკლუზიურობა, რომელიც მსოფლიო არენაზე არის აღიარებული, როგორც მთავარი ამოცანა, ჩვენთან ეს საკითხი კიდევ უფრო მძიმედ დგას. ჩვენ ვიცით, რამდენად სერიოზული საკითხი არის ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა და ეს საკითხი [შშმ პირთა დასაქმება] ბევრად მძიმეა და გადაუჭრელი. ჩემთვის პრიორიტეტული არის რეგიონში განვითარება, რადგან ვიცი, რომ რეგიონში უფრო რთულად დგას საკითხი შშმ პირების დასაქმების, ამიტომ ვთვლი, რომ მთელ ქვეყანაში უნდა გაიშალოს საკითხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც დამსწრე პირები აცხადებენ, ზოგიერთ მათგანს მსგავს პროექტში უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა რაღაც მიზეზების გამო სამსახურიდან წამოსვლა მოუწიათ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ პროექტი ამჯერად გაამართლებს.
საქართველომ 5 წელია, რაც შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ამ დოკუმენტით, ქვეყანამ სხვადასხვა ვალდებულება აიღო.