logo
ENG



ჩუგოშვილი: მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი გამოდის

22 მაი 202018:01
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილების შესაძლებლობას არაკონსტიტუციურს უწოდებს ოპოზიცია. მათივე მტკიცებით, დარღვევებია ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებშიც.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. კერძოდ, მის ამოქმედებას შეძლებს მაშინ, როცა ამის საჭიროებას დაინახავს. ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა წნეხს ვერ გაუძლო.

„დღეს მნიშვნელოვნად მოხდა მოდიფიცირება და ამაში სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სახალხო დამცველის დიდი დამსახურებაა. ვერ გაუძლეს ამ წნეხს და ფაქტობრივად, ერთჯერადი მოქმედების აქტი მივიღეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონი ახლაც შეუსაბამოა კონსტიტუციასტან.

„გუშინ რაც იყო შემოთავაზებული, ის იყო მიუღებელი. მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი გამოდის. თუნდაც რა სახითაც ახლა ვხედავ არ მიმაჩნია გამართულად და სრულად საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თუმცა, ბევრად უფრო მეტი საფრთხე იქნებოდა და ბევრად უფრო მეტი წინააღმდეგობა მექნებოდა, ეს რომ ყოფილიყო უვადო ჩანაწერი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს ვალდებულება და პარლამენტს შეუთანხმონ ნებისმიერი აკრძალვა.

„რაც არ უნდა ვადა იყოს მითითებული, უნდა აიღონ ვალდებულება პარლამენტს შეუთანხმონ ნებისმიერი აკრძალვა. იმის ნაცვლად, რომ ჩაწერონ კანონში, რომ პარლამენტს მიმართონ ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, უნდათ, რომ მტავრობას შეუნარჩუნონ საზედამხედველო ფუნქცია. იმიტომ, რომ ე.წ. დიქტატორული ფუნქციები მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის გმაოიყენონ“, - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა