ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო.
ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აგვისტოს ღამით ობიექტზე ხანძარი განზრახ გააჩინეს.
ცაჰკნას თქმით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.
"შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 14-დან 15 აგვისტოს ღამეს თავდაცვის სფეროში მოქმედ კომპანია Milrem Robotics-ზე განხორციელებული ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო.
რუსეთი აგრძელებს ევროპაში დივერსიულ კამპანიას, რათა მისი დაშინება და უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის მიმართ ზეწოლის შემცირება აიძულოს. ეს, თავის მხრივ, მოსკოვის მზარდი სასოწარკვეთის დასტურია, რადგან მან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მიზნებს ვერ მიაღწია.
ესტონეთი ამ ტიპის თავდასხმებისთვის რუსეთისთვის რთული სამიზნეა. ჩვენი უსაფრთხოების უწყებები ეფექტიანად მუშაობენ, რამდენიმე მსგავსი დივერსიული აქტის განხორციელება აღკვეთილია, ხოლო Milrem Robotics-ზე ცეცხლის წაკიდებაში მონაწილე პირები დაკავებულნი არიან და ისინი ესტონეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ", - თქვა ცაჰკნამ.
საგარეო მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ესტონეთი, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას სანქციების გამკაცრებითა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში გადაადგილების შეზღუდვით, ხოლო უკრაინისადმი მათი ძლიერი მხარდაჭერა გაგრძელდება.
