logo
ENG



ცერცვაძე და გამყრელიძე არ პასუხობენ კითხვას, არის თუ არა პანდემიის დროს წყლის ჭავლი საშიში

09 ნოე 202000:48
3 წუთის საკითხავი
 
mmiuu9p8bk3x8j0.jpg

ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები არ პასუხობენ კითხვას, არის თუ არა კოვიდპანდემიის პირობებში, ნოემბრის სიცივეში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება მათი სიცოცხლისთვის საშიში. 

ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ცივ კლიმატურ პირობებში, პანდემიის დროს, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება საფრთხისშემცველი, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პასუხობს: 

"ვერ გეტყვით, იცით, ეპიდემიოლოგიური საკითხები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომპეტენციაა და მათ უნდა კითხოთ, ჩემი კომპეტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები", - ამბობს ცერცვაძე. 

იმავე კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს: 

"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეგ სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ", - ამბობს გამყრელიძე. 

ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგების დუმილის მიუხედავად, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი Facebook-ზე წერს, რომ შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, წყლის ჭავლის მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენება, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს. 

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში", - წერს გეგეჭკორი. 

ცესკო-სთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მათი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. თვითმხილველთა ცნობით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

"ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება", - განაცხადა მდინარაძემ

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 


close დახურვა