logo
ENG



ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს: მიხედეთ თქვენს ქვეყანას, რომელშიც მოღვაწეობთ

02 დეკ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს: მიხედეთ თქვენს ქვეყანას, რომელშიც მოღვაწეობთ

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს მათ, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ. 

ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს. 

"ის, რომ ქართველი ექიმები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ არ არიან ოპონენტები. ისინი სწორედ, უმრავლეს შემთხვევაში, ოპონენტები არიან. და მეორე, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს", - ამბობს ცერცვაძე. 

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოუწოდებს უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, მიხედონ "თავიანთ ქვეყანას", რადგან, მისი თქმით, ამ ქვეყნებში კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. 

"მე როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერანაირ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ და მე მათთვის მომყავს მაგალითი: მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში", - ამბობს ცერცვაძე. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 033-ით გაიზარდა, ვირუსის შედეგად კი 39 ინფიცირებული გარდაიცვალა. 


close დახურვა