ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ქართული ოცნების წარმომადგენლები, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ამომრჩევლის იდენტიფიცირების, ხმის მიცემის და ხმის დათვლის პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას.
ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
კერძოდ, ხმის დათვლის პროცესში ელექტრომთვლელების გამოყენება, დათვლის პროცესის კამერებით, ლაივ რეჟიმში გადაღება. საუბარია ასევე ბიულეტენების ე.წ. QR კოდით აღჭურვაზე, რომელიც ერთგვარი დამცავი მექანიზმი იქნება ე.წ. კარუსელების წინააღმდეგ.
"არის სამი ფაზა, სადაც შეიძლება პროცედურების შეცვლა: ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ხმის მიცემის პროცედურა - ანუ ის გზა, რომელსაც გადის ბიულეტენი მისი აღებიდან ყუთში განთავსებამდე და ხმის დათვლის პროცედურა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს და ვფიქრობთ, რომ შევჯერდებით.
მაგალითად: გამოვიყენოთ ხმის მთვლელი თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს, მათ შორის, ბიულეტენზე დაფიქსირებულ ნებას". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
- რა იცვლება და როგორ საარჩევნო კანონმდებლობაში - სრულად წაიკითხეთ აქ