ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თქვეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიული გაერთიანება "დაიცავი არჩევნები" ჩამოაყალიბეს.
ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ არ გააყალბოს არჩევნები, მოამზადონ როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე დამკვირვებლები და კომისიის წევრები.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს ელის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. განსაზღვრავს იმას, თუ საით წავა საქართველო - წავა რუსეთისკენ, თუ წავა ევროპისკენ.
გამომდინარე ამ არჩევნების მნიშვნელობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს ილუზია, ქართული ოცნება ეცდება ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და გამოყენებული იქნება, დარწმუნებული ვართ, მეთოდები, რომლებსაც აქამდე იყენებდა გაყალბებისთვის ქართული ოცნება - იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, მოსყიდვა თუ სხვა მეთოდები, აქედან გამომდინარე, ჩვენ, ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარეებმა, წევრებმა და საარჩევნო მოხელეებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო, არ გაგვეზიარებინა გამოცდილება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გაერთიანება - "დაიცავი არჩევნები", რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოამზადოს, როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე საარჩევნო დამკვირვებლები, კომისიის წევრები და ა.შ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პრაქტიკული მუშაობა რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, უკვე ჩატარებულია მათთან ტრენინგები და ვაპირებთ, ამ მხრივ გავაგრძელოთ მათთან მუშაობა", - თქვა ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე.