logo
ENG



ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს:გაასაჯაროოს წერილი, რომლითაც ოქტომბერში მოგვმართეს

15 ოქტ 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
w61n5zd8f7t5pua.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მოუწოდებს, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და თავად გაასაჯაროოს ის წერილი, რომელიც მთავრობაში 10 ოქტომბერს შევიდა.

საქმე ეხება მამუკა ხაზარაძისა და ლევან ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობას კონკრეტული წინადადებებით მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ კონკრეტული წინადადება 10 ოქტომბერს ნამდვილად მიიღეს, თუმცა კონსორციუმმა ქართული მხარე კონფიდენციალობის დაცვაში დაავალდებულა, რის გამოც მთავრობას უფლება არ ჰქონდა ეს ფაქტი გაესაჯაროებინა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული წერილის ერთ-ერთი პუნქტი შესაძლოა იყოს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული გამოძიების ფორსმაჟორად აღიარება, რის საფუძველზეც მოხდება დამატებითი დროის მიცემა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

„დამატებითი დრო მოთხოვნების შესასრულებლად არ არის, რაც შეეხება ფორსმაჟორს, ან სხვა შეტყობინების შინაარსს, კონფიდენციალობიდან მუხლის მოთხოვნით, ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. კიდევ ერთხელ მივმართავ ანაკლიის კონსორციუმს, გაასაჯაროოს ის წერილი, რომლითაც მათ 10 ოქტომბერს მოგვმართეს და რომლის არსებობაზეც, გუშინ კვლავ განაცხადეს. ამიტომ მივმართავთ მათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პარალელურად, არ დატოვონ ღია კითხვები, მისცენ საზოგადოებას საშუალება, თავად განსაჯონ ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ის ფორსმაჟორად არ აღიქვამს.

„კონსორციუმს აქვს საკუთარი ვალდებულებები, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული სამართლებრივი დავა, ცალკე არსებული სამართლებრივი პროცესია, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ კონსორციუმის ვალდებულებებთან. ის ვერ იქნება განხილული, როგორც რაიმე სახის ფორსმაჟორი. დღეს კი, როცა ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა დგება, ამაზე საუბარი უადგილოა,“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა დღის ბოლომდე ეძლევა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი საღამოს 06:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენს, შესაძლოა მთავრობამ კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გააუქმოს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ კონსორციუმმა სამი ინვესტორის მოზიდვა მოახერხა.

 


close დახურვა