რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რესი" აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს.
სააგენტოს მტკიცებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით თბილისი დასავლეთის ზეწოლას უპირისპირდება და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ახერხებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება ევროატლანტიკური წრეების მუქარას არ ემორჩილება და მტკიცედ მიჰყვება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ კურსს, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების დაცვაა."
სტატიაში მოყვანილია "ქართული ოცნების" პრემიერისა და დეპუტატების ციტატები დასავლურ სანქციებზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.
"აშშ-ისა და ევროკავშირის მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟისკენ არის მიმართული, მიზანს ვერ აღწევს. თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა ჩინეთთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით.
პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სუვერენული განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და გარე კარნახის მცდელობებს უპერსპექტივოს ხდის", - ნათქვამია სტატიაში.
