"წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, გოდერძი ნარიმანიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.
როგორც ნარიმანაშვილი წერს, მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი წერს, რომ სამაროვანი ქვის წარწერები სტელებითაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში, ფორმულას განუცხადეს, რომ მშენებლებს პროექტი შეთანხმებული არ აქვთ, რამაც არქეოლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა. მათივე განცხადებით, წალკაში სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და სამშენებლო სამუშაოების შესწავლა მიმდინარეობს.
"დღევანდელი ამბავია - წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა. მშენებლებს არ აქვთ პროექტი შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რამაც არქეოლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა და ნაწილი დააზიანა კიდეც.
მშენებლები შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს. წალკის მუნიციპალიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის - არქეოლოგიური ძეგლები ზიანდება გზის და წყლის გაყვანის დროსაც. გამკითხავი კი არავინ ჩანს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველა ფაქტზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო კომპანიები აგრძელებენ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურებას. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცავდეს კონსტიტუციას და კანონს. დამრღვევებმა კი პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ქვეყნის წინაშე", - წერს გოდერძი ნარიმანაშვილი.