logo
ENG



წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 ნოე 202614:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/18/3w2aqcsgwg88u4h.png
toktv.ge

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. გუშინ ბავშვები ფსიქოლოგის თანხლებით გამოკითხეს.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მათ პოლიციას მიმართეს. მშობლები ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს - ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.

წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.


close დახურვა