logo
ENG



წამება და არაადამიანური მოპყრობა - ახალგაზრდა კაცი პოლიციას ადანაშაულებს

08 თებ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასურველი ჩვენების მისაღებად - ახალგაზრდა მამაკაცი "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ყვება, რა გადაიტანა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამე გაატარა. 

მას შემდეგ, რაც ცემამ შედეგი არ გამოიღო, სამართალდამცველები უკვე შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახავ ქმედებებზე გადავიდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ოჯახმა მას პოლიციის განყოფილებაში მიაგნო. მიყენებული დაზიანებები ექსპერტიზას დადასტურებული აქვს, მოსამართლემ კი საქმის გამოძიება პროკურატურას დაავალა. 

ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხად სადარბაზოდან გაიტაცეს. პოლიციის განყოფილებაში მან 11 საათი გაატარა. სამართალდამცველები ძალადობით და მუქარით სთხოვდნენ, ხელი დაედო კაცისთვის, რომლის ფოტოც განყოფილებაში უჩვენეს. მას შემდეგ, რაც სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, პოლიციამ ძალადობის ფორმები შეცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა პოლიცია სასურველი ჩვენების მიცემას.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ მდგომარეობაში პოლიციის განყოფილებაში გათენებამდე ჰყავდათ. მას ეძებდა ოჯახი. 
ფარულ ვიდეომასალაში ჩანს და ისმის, რომ ნუცუბიძის პოლიციის განყოფილებაში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდა. მას შემდეგ, რაც ნუცუბიძის პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცის ახლობლები მივიდნენ, ის მალე გაათავისუფლეს. ნაცემი და ნაწამები მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიდა და სასამართლო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დახმარებით აღწერა დაზიანებები, რომელიც მას სხეულზე აქვს.

დასკვნაში წერია ისიც, რომ დაზიანებების მიღების დრო ემთხვევა პოლიციაში გატარებული დროის მონაკვეთს. ახალგაზრდა კაცმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაზე უამბო მოსამართლესაც, რომელიც იმ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, რომლის გამოც ახალგაზრდას პოლიციაში ძალადობით გაუსწორდნენ.  მოსამართლემ საქმის გამოძიება პროკურატურას დაავალა.

ახალგაზრდა მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ, დამამცირებელ და წამების შემცველ ფაქტებზე მომავალ კვირას უნდა დაიკითხოს. 


close დახურვა