logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერებას მხარი დაუჭირა

25 ივლ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს. 

საქმე ეხება კანონპროექტის ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული 135 მლნ დოლარის 15%-ის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს მანამ, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.

დახმარება – ამ აქტის მე-3 და მე-4 თავების თანახმად, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების სახით ხელმწისაწვდომი იყოს არანაკლებ 135 025 000 აშშ დოლარისა.

სახსრების შეჩერება – განსაზღვრული ფინანსური დახმარების 15% შესაძლოა არ გაიცეს მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მოხსენებას იმის თაობაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, რაც ამ აქტის თანმხლები ანგარიშის ამ თავში არის გაწერილი;

ბ) კორუფციასთან ბრძოლისთვის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გატარების ჩათვლით და;

გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უცხოური ბიზნესებისთვის, შევიწროების გარეშე, თავისუფლად საქმიანობის უფლების უზრუნველყოფის ჩათვლით, რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგადაა განპირობებული”, – წერია კანონპროექტში.

დოკუმენტის მიხედვით, დახმარების შეჩერების შესახებ ჩანაწერი არ შეეხება პროგრამებს, რომლებიც დემოკრატიის გაძლიერებისთვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერისთვის და ასევე გენდერული ნიშნით და მოწყვლადი ჯგუბების მიმართ არსებული ძალადობის შემცირებისთვის არის განპირობებული.

ასევე, დახმარების 15% შეიძლება არ შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს, რომ ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებისთვის.


close დახურვა