logo
ENG



წასაგებად განწირულ ხელისუფლებას ეს ვერ შველის - ბერძენიშვილი ე.წ. ზონდერ ჯგუფების შექმნაზე

24 ივნ 202008:39
3 წუთის საკითხავი
 

დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო სტრუქტურა აჭარაში ე.წ. ზონდერ ჯგუფების შექმნის საკითხით - მესამე სექტორსა და ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გამოძიება აუცილებელია, თუმცა  ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს არ მოხდება.  

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზონდერ ჯგუფების აქტიურობა არჩევნებზე შესამჩნევი იქნება.

 „არსებობს სპეციალური ჯგუფები, არის კორცხელი, არის სხვაც. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების ნოუჰაუ სამწუხაროდ. კლასიკური მაგალითია - კარალეთში კალაძეს ესროდნენ ქვებს და შემდგომ კალაძე კორცხელში და არა მარტო, პრაქტიკულად მისი ხალხით არბევდა ოპონენტებს. ეს ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, ამაში დარწმუნებული ვარ და ვხედავ, რომ წინასწარი სამზადისიც მიდის. ასეთი ქმედებები წასაგებად განწირულ ხელისუფლებას ვერ შველის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, ნებისმიერი პოტენციურად ძალადობრივი სცენარის განვითარება საარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

„ჩვენ გვახსოვს სხვა ინციდენტებიც, სადაც სწორედ ერთგვარ სპორტსმენების გამოყენებას და ძალის დემონსტრირებას ჰქონდა ხოლმე ადგილი. იყო ძალადობრივი ინციდენტები, სადაც სავარაუდოდ იკვეთებოდა სწორედ სხვადასხვა სპორტსმენების ჩართულობის საკითხი და მაშინაც ჩნდებოდა კითხვის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ ამ პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ნებისმიერი პოტენციურად ძალადობრივი სცენარის განვითარება საარჩევნო გარემოზე“, - განაცხადა ბენიძემ.


close დახურვა