წერილი საქართველოდან - საერთაშორისო პარტნიორებს. „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა და პრეფერენციის პოლიტიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის წერილს ხელს აწერენ საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს, - ესაა ნათქვამი დოკუმენტში, რომელშიც დეტალურად უხსნიან ევროპელ ლიდერებს, რა ზიანი მოუტანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყნის დემოკრატიას და როგორ შორდება სახელმწიფოს მიტაცებით თუ პოლიტიკური დევნით ქვეყანა ევროპული დემოკრატიის სტანდარტებსა.
ევროპარლამენტის, ევროკავშირის კომისრებს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები სთხოვენ, საქართველოს ხელისუფლებასთან რეაგირებას. წერილს ხელს აწერენ ისინი, ვინც სამართლებრივი დევნის და მთავრობის თავდასხმის ობიექტია. ხელმომწერთა შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორია, ის პროკურატურაში გამოკითხვაზე არხის მაუწყებლობის პირველივე დღეს დაიბარეს.
წერილს ხელს 14 პირი აწერს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, გიორგი რურუა, ბესიკ თამლიანი, „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარის“ დირექტორები. ყველა მათგანის წინააღმდეგ სასამართლოებში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მიმდინარეობს. წერილის ადრესატები ევროკავშირისა და ევროსაბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსი, დეივიდ მაკალისტერი და სხვები. ხელმომწერები ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ადამიანის უფლებების რღვევაში, მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
ხელმომწერი პოლიტიკოსებისთვის ეს წერილი უპრეცედენტოა, რადგან ივანიშვილის წინააღმდეგ განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პირები გაერთიანდნენ. ისინი წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პატიმრების რიცხვის ზრდაზე მიანიშნებენ და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და შემდგომ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის გამო ვითარების დესტაბილიზაციას არ გამორიცხავენ.
წერილში ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ფიგურანტები თხოვენ მკაცრი მონიტორინგი აწარმოონ მათ საქმეებზე და შეახსენონ ხელისუფლებას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
წერილში მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობენ იმ დამოუკიდებელი მედიაკომპანიების დირექტორები, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მიზეზით დაიწყო. წერილის მოთხოვნებს შეუერთდნენ გავრილოვის ღამის დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები, მათ შორის ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანიც.
წერილის ხელმომწერები იმედოვნებენ, რომ წერილის გაცნობის შემდეგ ევროპარლამენტარები ივანიშვილის წინააღმდეგ მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს აამოქმედებენ. მათი თქმით, არსებობს ე.წ. დრაფტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარებთან შეხვედრას აგრძელებენ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრები ბრიუსელში უკვე რამდენიმე დღეა იმართება.
„ფორმულა“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარეს ანდრიუს კუბილიუსს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დეივიდ მაკალისტერს
სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს
რამდენიმე წლის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ამით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ევროპული სტანდარტებისადმი ვალდებულებები გააძლიერა. ევროკავშირი ათწლეულზე მეტია საქართველოსთან აწარმოებს „ადამიანის უფლებების დიალოგს“ და ცდილობს ამ გზით მხარი დაუჭიროს რეფორმების დღის წესრიგს.
თუმცა, როგორც Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო სწრაფი ტემპით შორდება იმ სტანდარტებს, რასაც ევროსაბჭოს წევრისგან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ქვეყნისგან ელიან. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც 2013 წელს მცირე ხნით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოს არაფორმალურად თითქმის რვა წელია მართავს. ამ არაფორმალური მმართველობის შედეგია სახელმწიფოს მიტაცება, ადამიანის უფლებათა სტანდარტების გაუარესება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს და გამოძიების აშკარა გამოყენება.
წერილზე ხელმომწერი პირები წარმოვადგენთ მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრს, ხშირად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგით, როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე საგარეო საკითხებზე. ხელმომწერთა შორის არიან პოლიტიკოსები, ისევე როგორც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სამოქალაქო აქტივისტები. მიუხედავად ამისა, ყველა ჩვენთაგანი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს სამიზნე, მთავრობის მიერ, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. რამდენიმე ხელმომწერი უკვე ციხეშია, სხვები კი სამართლებრივ დევნას და მიმდინარე გამოძიებებს ექვემდებარებიან.
მაშინ, როდესაც საქართველო ემზადება წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მმართველი პარტია, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სწრაფად კარგავს ამომრჩეველს. ამავე კვლევებით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ქვეყანა დემოკრატიული სტანდარტებიდან მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის.
იმის მაგივრად, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესის წინსვლა დაუშვას, ივანიშვილმა გადაწყვიტა მიმართოს სამართლებრივ დევნას -პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი მედიის, იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტებს. აშკარაა, რომ მთავრობის მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება და პოლიტიკური აქტივიზმისგან მოქალაქეების ჩამოშორებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ეს ვერ დაეხმარება ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში, დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას შესაძლოა მოყვეს ქვეყანაში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია, რაც ევროკავშირისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს უკან დახევს. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ, უკან წაიღოს დაპირება საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით, აღაშფოთა საქართველოს მოქალაქეები და გამოიწვია სახალხო პროტესტის დიდი ტალღა. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს და მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა წამოიწყეს, ჯერჯერობით უშედეგოა. ივანიშვილის მთავრობა განაგრძობს ოპონენტებზე ზეწოლას პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით, ნაცვლად იმისა რომ კონსენსუსისთვის ხელშემწყობი პოზიციებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ჩვენ, როგორც მთავრობის მხრიდან სამოქალქო თავისუფლებაზე თავდასხმის სამიზნეებმა, გადავწყვიტეთ, მოგმართოთ, იმ რწმენით, რომ თქვენი ორგანიზაციების მაღალი ავტორიტეტის გამოყენებით, გადასცეთ საქართველოს ხელისუფლებას თქვენი შეშფოთება პოლიტიკურად მოტივირებული მიმდინარე საქმეების მიმართ.
ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს დიალოგს ადამიანის უფლებებზე, რომ მოითხოვოს მთავრობის პასუხისმგებლობა იმ საქმეების მიმართ, რომელთა შედეგად, ჩვენ უკვე დავკარგეთ თავისუფლება, ან ეს უახლოეს მომავალში გვემუქრება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები მიმდინარე საქმეების დეტალურ მონიტორინგს განახორციელებენ. საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეახსენონ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ემყარება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს. ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს.
ჩვენ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ყველას გვსურს საქართველო იყო კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებული თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, გვჯერა, რომ თქვენც იზიარებთ ამ პოზიციას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
პოლიტიკური ლიდერები:
ირაკლი ოქრუაშვილი
ნიკა მელია
გიგი უგულავა
გიგა ბოკერია
მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
დამოუკიდებელი მედია
ნიკა გვარამია
გიორგი რურუა
ავთანდილ წერეთელი
ზურაბ გუმბარიძე
2019 წლის ივნისის შემდეგ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები
ბესიკ თამლიანი
კობა კოშაძე“, - ნათქვამია წერილში.