logo
ENG



წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედიც არ მაქვს - მამუკა ხაზარაძე

21 ოქტ 201913:58
3 წუთის საკითხავი
 
gd2ha6z3wzl2hdq.jpg

მამუკა ხაზარაძე და მისი ადვოკატები პროკურატურაში მივიდნენ. მათ საგამოძიებო უწყებაში ე.წ. მუქარის წერილის დედანი ჩააბარეს. წერილმა ექსპერტიზა ლონდონში გაიარა, რამაც ხაზარაძის ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანი დეტალები აღმოაჩინა.

"დღეს კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება რაც დავპირდი საზოგადოებას და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედიც არ მაქვს. ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან, შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს ვის მიერ არის ეს წერილი დაწერილი. დაველოდოთ გამოძიებას. მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედიც არ გვაქვს და მივყვეთ კანონის შესაბამისად მოვლენებს. ორი საკითხი იყო-ერთი, სად არის დედანი და მეორე, ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც პრესკონფერენციაზე ხაზარაძის ადვოკატებმა განაცხადეს, ფურცელზე ათეულობით ანაბეჭდია აღმოჩენილი, თუმცა მათგან მხოლოდ ჩვიდმეტის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ადვოკატების თქმით, მათ იურიდიული პროცედურები დაასრულეს და ახლა ჯერი პროკურატურაზეა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პარლამენტში განაცხადა, რომ იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, „TV პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად კი „ნაციონალურ მოძრაობა" უნდა გაეკრიტიკებინა.


close დახურვა