logo
ENG



წითელი ჯვარი აზოვსტალელ სამხედრო ტყვეებთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდება

03 სექ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
წითელი ჯვარი აზოვსტალელ სამხედრო ტყვეებთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) გენერალური, დირექტორის, რობერტ მარდინის თქმით, ორგანიზაცია ჯერ კიდევ ელოდება ათობით უკრაინელ სამხედრო ტყვესთან შეხვედრას, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ და აზოვსტალს იცავდნენ. 

მარდინიმ BBC-ს უთხრა, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ასობით უკრაინელი და რუსი სამხედრო ტყვე, თუმცა, არ აქვთ ინფორმაცია ყველას შესახებ. 

მარდინიმ მიუთითა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე ვალდებულია, ჟენევის კონვენციის შესაბამისად, უზრუნველყოს სამხედრო ტყვეებთან წვდომა. 

წითელი ჯვრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კიევში შეხვდა აზოვის ბატალიონის მებრძოლების ოჯახის წევრებს, რომლებიც ელიან ინფორმაციას საყვარელი ადამიანების შესახებ. 

თუმცა, ორგანიზაციას არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა იმ 2 ათას ადამიანს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ. 

"წითელმა ჯვარმა უზრუნველყო მათი უსაფრთხო გასვლა ქარხნიდან და ხელი შეუწყო პირობის დადებას, რომ შევძლებდით მათ მონახულებას. მაგრამ ახლა წარმოდგენა არ გვაქვს მათი მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, გვქონდეს წვდომა ამ ადამიანებთან". - განაცხადა რობერტ მარდინიმ.  ​

29 ივლისის ღამით დონეცკში, ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონიის ყოფილ შენობაზე თავდასხმა მოხდა.

ციხე, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, განადგურდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას 50-ზე მეტი ტყვე ემსხვერპლა. 

თავდასხმის შემდეგ რუსეთმა ციხეზე შეტევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალები დაადანაშაულა. უკრაინამ კი განაცხადა, რომ ოლენივკაზე თავდასხმა მორიგი რუსული ტერორისტული აქტია, რაც მიზნად ომის დანაშაულების დამალვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს. 

აზოვის მცველი 694 მებრძოლი ტყვედ 2022 წლის 18 მაისს, სამთვიანი ალყის და ბრძოლის შემდეგ ჩაბარდა, ჯამში კი საუბარია 959 მებრძოლზე. ეს რიცხვი მოიცავს იმ 265 სამხედროსაც, რომლებიც, მოსკოვის თანახმად, ევაკუაციის დროს გაიყვანეს ტერიტორიიდან. 


close დახურვა