logo
ENG



წითლიძე: ვასახელებ პირებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის პირადობების წართმევას ცდილობენ

18 ოქტ 202412:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/49jjb6ncx0393t8.jpg

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ კიდევ რამდენიმე ადამიანის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.

წითლიძის განცხადებით, ქართული ოცნება მთელ სამეგრელოში აქტიურად და მასშტაბურად ცდილობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

ანა წითლიძის თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათლულიც ფიგურირებს.

"ქართული ოცნება ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოში ტოტალურად ცდილობს პირადობის მოწმობების ამოღებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები არიან. დღეს მე ამ ადამიანებს დავასახელებ: სოფელ ოქტომბერში, აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ნათლული, ზაალ გეგეჭკორი; სოფელ ოქტომბრის რწმუნებული, პავლე გეგეჭკორი; ქართული ოცნების აქტივისტები, ცოლ-ქმარი, ასმათ უბილავა და დავით ქირია, რომლებიც სოფელ ოქტომბერში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს მიუვარდნენ და მათგან პირადობის მოწმობების ამოღებას ცდილობდნენ. ამ ადამიანმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ პირადობები არ მისცეს, რის შემდეგაც ზაალ გეგეჭკორი მათ დაემუქრა და უთხრა, რომ პასუხს აგებდნენ და მათ გაუსწორდებოდა იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობები არ გადასცეს.

ასევე, ვასახელებ: სოფელ რიყის რწმუნებულს, გიორგი ჯოჯუას, რომელიც პირადობის მოწმობების ამოღებას ცდილობს იმ ადგილობრივებისგან, ვისზეც იცის, რომ ოპოზიციურად განწყობილია. გარდა ამისა, ის კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს ემუქრება იმით, რომ თუ ისინი ხმას ქართულ ოცნებას არ მისცემენ ან მათ პირადობის მოწმობებებს არ გადასცემენ, სამსახურს დაატოვებინებს", - განაცხადა ერთიანობის წევრმა.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ თქვა, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტზე ამ ადამიანების მონაწილეობით მტკიცებულებები აქვს, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, სადაც მისივე თქმით, ისმის, როგორ ცდილობენ მოქალაქეებს პირადობები ჩამოართვან. წითლიძის განცხადებით, ის ამ მტკიცებულებებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს გადასცემს.

მანამდე, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა რამდენჯერმე დაასახელა სხვადასხვა ადამიანის ვინაობა, რომლებიც ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევდნენ.

 

close დახურვა