logo
ENG



წილოსანი: 2008-ში NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იყო ომის პროცესის დაწყების

11 ივლ 202413:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/919dxck21vghxw3.png

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ ჩანაწერს, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი", რუსეთის მხრიდან საომარი პროცესები მოჰყვა.

წილოსანმა ეს განცხადება NATO-ს სამიტის გუშინდელ განცხადების კონტექსტში გააკეთა, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული.

წილოსანი ამბობს, რომ გუშინდელი ჩანაწერი "ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან" კიდევ ერთი დადასტურებაა დასავლეთის მხარდაჭერის. მისი აზრით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს "ჟრიამული" არ უნდა ჰქონდეთ და 2008 წლის სამიტის ჩანაწერთან პარალელს არ უნდა ავლებდნენ. 

"მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს ოპოზიციურ ველში, განსაკუთრებით თვალში მომხდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს ავლებს 2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილად (შეიძლება, ასე დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით) მოყვა 2008 წლის საომარი პროცესები საქართველოში. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოყვა ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული" - თქვა წილოსანმა.

ჟურნალისტებმა მისი ამ განცხადების დაზუსტება სთხოვეს, რაზეც წილოსანმა კვლავ გაიმეორა, რომ "გარკვეულწილად ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი იყო მაპროვოცირებელი".

"არაერთი შეფასებით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როცა NATO-ს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად, ომის პროცესების დასაწყისის"- ამბობს წილოსანი.


close დახურვა