თბილისში წყნეთის ქუჩაზე გზა ჩაინგრა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩანგრევის მიზეზი არის კომერციული ფართის მშენებლობა, რომელიც გზის სავალი ნაწილის ქვედა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე განმარტავს, რომ გზა დამცამი კედლის მშენებლობისას ჩაინგრა.
ჩანგრეული გზა საცხოვრებელ კორპუსს რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მცხოვრებლები პასუხისმგებლობას მშენებელ კომპანიას აკისრებენ. მათივე თქმით, თუ პროცესი არ გაჩერდება, არათუ გზა ჩაინგრევა, არამედ კორპუსს საყრდენი გამოეცლება.
"ყველაფერს გადაუარა მერიამ, სამშენებლო კომპანიამ. რაც მთავარია გეოლოგიური დასკვნები კეთდება სრულიად ყალბად, ისე რომ ქაღალდზე ხელს ვინ აწერს იმასაც ვერ ვხვდებით. მეწყრული ზონაა, ეს იცის ყველა სამშენებლო კომპანიამ. გვერდით ნაკვეთში უკვე გაჩერებულია მშენებლობა უზენაესი სასამართლოს დადგენილებით. ეს არის მისი მიმდებარე ტერიტორია", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
კომპანიის წარმომადგენელი, პროექტმენეჯერი ამირან ჯაჯანიძე ამბობს, რომ პროტესტის გამო მშენებლობა ერთი თვის განმავლობაში იყო გაჩერებული, შემდეგ კი მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
"ჩვენ ვახორციელებდით გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობას, ასფალტის საფარის ზედაპირის ქვეშ, აღმოჩნდა ნაყარი, რომელიც მოვიდა მოქმედებაში და ჩაინგრა, გაიყოლა გზის მცირე მონაკვეთი", - თქვა ჯაჯანიძემ.
ადგილზე მისული ვაკის გამგებელი ამბობს, რომ მიმდინარე სამუშაოები კანონიერია და კომპანიას ყველა საჭირო ნებართვა აქვს, თუმცა ფაქტს მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის:
"შეჩერებულია უკვე მშენებლობა, სანამ არ მოხდება ფერდის გამაგრება, მშენებლობა არ განახლდება".