logo
ENG



ჭიაბერაშვილი ბიზნესომბუდსმენის წასვლაზე: გახარიას სურს ყველა სტრუქტურა თავის თავზე მოირგოს

11 ნოე 201917:12
3 წუთის საკითხავი
 
2ny819tgcow0ruq.jpg

„გახარიას სურს ყველა სტრუქტურა თავის თავზე მოირგოს,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის გადადგომა არ არის განპირობებული იმით, რომ ქართულ ოცნებას და მთავრობას ზოგადად აწუხებს ეს არაჯანსაღი ბიზნესკლიმატი.

„ეს ცვლილება, როგორც ჩვენ ახლა ვხედავთ არ არის განპირობებული იმით, რომ ქართულ ოცნებას და მთავრობას ზოგადად აწუხებს ეს არაჯანსაღი ბიზნესკლიმატი. ეს სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ გახარიას სურს ყველა სტრუქტურა თავის თავზე მოირგოს და მისდამი ლოიალურად განწყობილი ხალხი დანიშნოს. პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი ბიზნესკლიმატია და ჩვენი მოქალაქეები ამით მხოლოდ ზარალდებიან,“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე თანამდებობიდან მოხსნეს იმიტომ, რომ პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას საკუთარი კადრების მოყვანა სურს. მისივე განცხადებით, ომბუდსმენის სამსახურს მისი შექმნის დღიდან ბიზნესისთვის სარგებელი არ მოუტანია და სანამ ეს სამსახური პრემიერ მინისტრს იქნება დაქვემდებარებული, ეს იქნება მკვდარი ორგანიზაცია.

„როცა ამბობენ, რომ საკუთარი ნებით წავედი, უნდა იცოდეთ, რომ მოხსნეს. წყვილად წასვლა არ გამიგია. გასაგებია, რომ ომბუდსმენი წავიდა მაგრამ, მისი მოადგილე სად მიდიოდა? ეს არის გახარიას მორიგი წმენდა, რომელიც ყველა სტრუქტურას საკუთარი კადრებით და საკუთარი მიზნებისათვის აკომპლექტებს. რაც შეეხება, ომბუდსმენის სამსახურს ეს გინდ ყოფილა და გინდ არა. მისი შექმნის დღიდან მას არავითარი სიკეთე ბიზნესისათვის არ მოუტანია. სანამ ომბუდსმენის ინსტიტუტი დაქვემდებარებული იქნება საქართველოს პრემიერ მინისტრს ეს არის მკვდარი ორგანიზაცია,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ირაკლი ლექვინაძის წასვლა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენონ. ის ასევე აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიკავოს ესა თუ ის თანამდებობა თუკი ის შეესაბამება თანამდებობას.

„მე ვფიქრობ ომბუდსმენის წასვლასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობები. ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიკავოს ესა თუ ის თანამდებობა თუკი ის შეესაბამება. და ასევე უშუალო გადაწყვეტილებაა საკმარისი იმისათვის, რომ მან მისი სურვილის მიხედვით, დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დღეს დატოვეს. ირაკლი ლექვინაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გაავრცელა. ის თანამშრომლობისთვის ყველას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გადადგომა სპონტანური გადაწყვეტილება არ არის და ,,წინასწარ შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება“.

მადლობით დაემშვიდობა კოლეგებს მისი მოადგილე ლევან კალანდაძეც. ,,მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე,“ - წერს ლევან კალანდაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე.

უკვე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ "ფორმულას" ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. მედიაში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სავარაუდოდ ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ს მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი იქნება. ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.


close დახურვა