logo
ENG



ჭიჭინაძე: დეველოპერების მდგომარეობა უნდა შეისწავლონ, რომ ეს ფული სხვაგან არ მიმართონ

28 მაი 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკურმა ჯგუფმა  დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართეს. სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მილიონი ლარია. მთავრობის ინიციატივას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ გზავნილები, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა, უსამართლოა. ოპოზიციის ნაწილი საუბრობს საარჩევნო ინტერესებზეც. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ინიციატივები წინასაარჩევნო კამპანიაა და სწორედ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისკენ არის მიმართული.

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს. ის აცხადებს, რომ დეველოპერული კომპანიების მდგომარეობა საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი, რათა თანხები სწორად დაიხარჯოს.

„იპოთეკური სესხები ბევრ კითხვას წარმოქმნის - ვის შეეხება ეს, ვის არა, ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც შიდა განვადებას სთავაზობს 10-15-წლიანს და ეს პრაქტიკულად იგივე იპოთეკური სესხია დაფინანსდება თუ არა. რაც შეეხება თვითონ მიდგომას, ვფიქრობ რომ ადამიანებს, რომლებიც ამას სამუშაოსთან არიან მიბმული, კარგია, რომ მათ დაეხმარებიან, თუმცა დეველოპერული კომპანიების მდგომარეობა უნდა იყოს შესწავლილი, რომ ამ ფულის მიმართვა მშენებლობაში მოხდეს და არა სხვაგან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება თავად დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს, ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რა ოდენობის ზარალის მიადგათ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად. ამასთან, „M2“-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძემ ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა დახმარება მაინც მნიშვნელოვანია.

„გაყიდვები "ემ კვადრატს" არ შემცირებია, მაგრამ კრიზისია, მოსალოდნელი იყო გაყიდვების შემცირება. რომ არა ეს პროგრამა და დახმარების ეს პაკეტი გაყიდვები სექტორში აუცილებლად შემცირდებოდა და შესაბამისად, გაყიდვების შემცირება მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს. ეს ზოგიერთი დეველოპერისთვის ყოფნა-არ ყოფნის საკითხიც შეიძლება დამდგარიყო. ეს პროგრამა ამ საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას“, - განაცხადა ბურდილაძემ.


close დახურვა