logo
ENG



ხაბეიშვილი: მერიამ მასალა შეიძინა კომპანიისგან, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული

25 დეკ 202000:54
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/lkmp66vtezhhe5l.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ, კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერიამ ინერტული მასალა [თეთრი ქვები] შეიძინა ირანული კომპანიისგან, რომელიც აშშ-ის მიერ ე.წ. "შავ სიაშია" შეყვანილი.

საუბარია Arvand petrochemical company-ზე, რომელიც ნადირაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის ვებგვერდზე, სანქცირებული ირანული კომპანიების სიაში პირველია.

"ასეთი კომპანიისგან იყიდა კახი კალაძემ და თბილისის მერიამ ეს მასალა. საუბარია მილიონობით ლარზე. ეს ნიშნავს, რომ კახი კალაძე მიდის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ურთიერთობებს აშშ-სთან", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერისგან და პრემიერმინისტრისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიის პროდუქცია საქართველოში. ის ასევე საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს აშშ-ის საელჩოს.

"მილიონობით ლარს ვურიცხავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ სანქცირებულ კომპანიას. საზოგადოებას, მედიას მოვუწოდებ ამ თემის ირგვლივ მოვთხოვოთ ერთად პასუხი დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს და სახელმწიფომ, პრემიერმინისტრმა გვიპასუხოს, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კომპანიის პროდუქცია და რატომ მოხდა ამ კომპანიისთვის თბილისელების ფულის გადახდა. ასევე აშშ-ის საელჩოსაც მოვუწოდებ დაინტერესდნენ, ეს საკითხი ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


close დახურვა