logo
ENG



ხაბეიშვილი: მივმართავთ პარტნიორებს და ომბუდსმენს, დაინტერესდნენ გუშინდელ აქციაზე მომხდარით

30 ნოე 202116:19
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი: მივმართავთ პარტნიორებს და ომბუდსმენს, დაინტერესდნენ გუშინდელ აქციაზე მომხდარით
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, დაინტერესდნენ გუშინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენებით.

მისი თქმით, გუშინ, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს. 

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მათ დაიწყეს იმ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება, რომლებიც აგრესიულად ექცეოდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. 

"ჩვენ პოლიტიკური სამართლის და დიქტატორული რეჟიმის გამო, მივმართავთ, ჩვენს პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავებებით და სისხლის სამართლის საქმით, რომელიც ბესიკ თამლიანზე აღძრეს. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდნენ ამ საქმეებით. ვპირდები თითოეულ ზონდერს, ივანიშვილის პირად ზონდერებს, თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შს მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე თაობდა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გუშინ, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამაართლოსთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 

აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 15 ადამიანი დააკავეს. მათ შორისაა პოლიტიკოსი გიგი უგულავაც. 

გარდა ამისა, დაპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანსა და პოლიციას შორის. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


close დახურვა