logo
ENG



ხაბეიშვილი: სააკაშვილმა თქვა, რომ ხალხის ხელშია მისი ბედი და მოუწოდა არჩევნებზე წასვლისკენ

29 ოქტ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა. საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილმა მესამე პრეზიდენტის გზავნილები საზოგადოებას გააცნო. 

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მტკიცედ და მხნედ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, სააკაშვილმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

"სააკაშვილს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო თავის დროზე - ქვეყანაში ჩამოსვლით. მან თქვა, რომ ქართველი ხალხის ხელშია მისი ბედი ხვალ და მოუწოდა ყველას არჩევნებში მისვლისკენ. მესამე პრეზიდენტმა თქვა ასეთი რამ, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ იღებენ მონაწილეობას მის ფიზიკურ განადგურებაში.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ, ისტორიულ დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელიც მის პრეზიდენტს და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის განადგურებას უყურებს მშვიდად და ირაკლი ღარიბაშვილივით ხელს აწერს, თუნდაც მის მკვლელობას. ის არის მტკიცედ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 29 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 

დღეს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის.

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გიორგი გელხაურმა გააცნო.

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 


close დახურვა